უკრაინა ხერსონის ოლქის ერთ–ერთი სოფლის გათავისუფლების თაობაზე იუწყება
11/07/2022 07:57:00 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ივანოვკა რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს, – იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის არმიის მე-60 ქვეით ბრიგადაზე დაყრდნობით.
შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა კი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ავიაციის გამოყენებით იერიში მიიტანეს რუსეთის საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო-სამეთვალყურეო და რუსეთის ეროვნული გვარდიის საკონტროლო-სამეთაურო პუნქტებზე.
სარდლობის ცნობით, განადგურებულია 38 რუსი სამხედრო, 4 ჰაუბიცა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 5 სამხედრო მანქანა და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.
8 ივლისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთ მოუწოდა, ეს რეგიონები ნებისმიერი გზით და საშუალებით დატოვონ, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას დაიწყებენ და დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები 2022 წლის მარტში დაიკავეს. კრემლის მიერ ამ რეგიონებში დანიშნული ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები ამზადებენ "რეფერენდუმებს" რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის და ზაპოროჟიეს შესასვლელად.


