Accentnews.ge
რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუსეთმა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

11/07/2022 04:34:47 მსოფლიო

დღეიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეაჩერა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის.

გაზსადენის ოპერატორი კომპანია "Nord Stream AG", რომელიც „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა, მიზეზად ასახელებს „ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას“, რომელიც ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 21 ივლისამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს გაზსადენის „ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას“.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გამორთვის შემდეგ დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუსულ გაზს ერთადერთი სტრანზიტო ხაზით, უკრაინის გავლით იღებენ.

„ჩრდილოეთის ნაკადით“ მიღებულ გაზზე დიდწილადაა დამოკიდებული ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სადაც შიშობენ, რომ მიწოდება არც 21 ივლისიდან აღდგება. მილსადენი პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის წინა წლებშიც პერიოდულად ჩერდებოდა, თუმცა ამჯერად, ეს ხდება უკრაინაში ომის ფონზე. ევროკავშირის სანქციებით და წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის მხარდაჭერით უკმაყოფილო რუსეთი ევროპას არაერთხელ დაემუქრა ენერგეტიკული პრობლემების შექმნით.

14 ივნისიდან რუსეთმა 40%-მდე შეამცირა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი და მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. რუსული გაზის მიწოდების შემცირება საფრთხეს ქმნის, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის მარაგით ვერ შეავსებენ საკუთარ საცავებს.

უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვმა მოითხოვა, რომ ევროპის სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ. ქვეყნებს, რომლებმაც ეს მოთხოვნა არ შეასრულეს, კოპანია "გაზპრომმა" ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაიწყეს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია.

ომამდე რუსეთმა ბალტიის ზღვის გავლით ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად ააშენა ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2". მას შემდეგ, რაც 2022 წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S