რატომ გაათავისუფლა ზელენსკიმ თანამდებობიდან გერმანიაში უკრაინის ელჩი
10/07/2022 07:51:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რა გახდა უკრაინის პოლიტიკური ლიდერის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამის შესახენ უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე არაფერია ნათქვამი. თუმცა დასავლური მედია დიპლომატის დათხოვნის მიზეზად მის განცხადებებს მიიჩნევს.
როგორც გერმანული მედია წერს, მელნიკი სკანდალური გამოთქმებითაა ცნობილი. კერძოდ, მან ღიად გააკრიტიკა ბერლინი ომის პირველ თვეებში "უკრაინაში იარაღის მიწოდების ნელი ტემპისთვის" და მკაცრად მოუწოდა კანცლერ ოლაფ შოლცის ადმინისტრაციას მეტი გაეკეთებინა კიევის დასახმარებლად.
მაისში ელჩმა გერმანიის კანცლერს "გაბრაზებული ღვიძლის ძეხვი" უწოდა მას შემდეგ, რაც შოლცმა თავდაპირველად უარი თქვა კიევში ვიზიტზე.
გარდა ამისა, დასავლური მედია იუწყება, რომ გასულ კვირას ელჩის განცხადებამ პოლონეთის გაღიზიანება გამოიწვია.
კერძოდ, მან თქვა, რომ „სტეპან ბანდერა არ იყო ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელი“ და ამტკიცებდა, რომ "ასეთი ბრალდებების მტკიცებულება არ არსებობდა".
მელნიკის გამონათქვამებმა ბერლინის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ რეაქცია კიდევ უფრო მწვავე იყო პოლონეთში, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია რუსეთის წინააღმდეგ ომში. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უჩივლა კიევს ელჩის განცხადების გამო.
გერმანიაში ისრაელის საელჩომ დაგმო მელნიკის განცხადება და აღნიშნა, რომ „უკრაინის ელჩის განცხადება არის ისტორიული ფაქტების დამახინჯება, დამამცირებელია ჰოლოკოსტისთვის და არის შეურაცხყოფა მათთვის, ვინც ბანდერამ და მისმა ხალხმა მოკლეს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯაროდ გაემიჯნა მელნიკის განცხადებებს და აღნიშნა, რომ „მოსაზრება, რომელიც ელჩმა გამოთქვა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში, არის საკუთარი და არ ასახავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას“.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ გერმანიის გარდა, ელჩები თანამდებობიდან ჩეხეთში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთიც გაათავისუფლა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება კიევს ამ დრომდე არ გაუკეთებია.


