კანადამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
08/07/2022 13:17:38 მსოფლიო
კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები პარასკევს გამოქვეყნდა. გარდა პატრიარქისა, სასანქციო სიაში, მათ შორის საინფორმაციო სააგენტო "VGTRK", "RT", "SPUTNIK" და "რუსეთის პირველი არხი" მოხვდნენ.
სანქცირებულ ჟურნალისტებს შორის "რია ნოვოსტიდან" პიტერ აკოპოვი და "რუსეთის პირველი არხის" ხელმძღვანელი ეკატერინა ანდრეევაა.
სანქციები მოიცავს "იანდექსის" ჯგუფის ყოფილ მმართველ დირექტორ ტიგრან ხუდავერდიანსაც.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


