მოსკოვის საბჭოს დეპუტატს რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის" გავრცელებისთვის პატიმრობა მიუსაჯეს
08/07/2022 11:48:56 მსოფლიო
მოსკოვის მეშჩანის რაიონის სასამართლომ ქალაქის კრასნოსელსკის ოლქის საბჭოს დეპუტატს ალექსეი გოროვინს შვიდი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
60 წლის იურისტი გაასამართლეს მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე გამოსვლის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
დეპუტატებმა ალექსეი გორინოვის წინადადებით, პატივი მიაგეს უკრაინაში აგრესიის მსხვერპლის ხსოვნას. გორინოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ომის შეწყვეტისკენ.
სხდომის ჩანაწერი გაეგზავნა გენერალურ პროკურატურას, რის შემდეგაც ორი დეპუტატის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მეორე ეჭვმიტანილი ელენა კატირონოჩკინა უცხოეთში გაემგზავრა.
სასამართლო განაჩენის მიხედვით, გორინოვმა თავისი გამოსვლისას გაავრცელა არასწორი ინფორმაცია რუსეთის არმიის შესახებ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სიძულვილის მოტივით.
გორინოვი ბრალდებას არ იზიარებს:
"ვფიქრობდი, რუსეთმა ომების ლიმიტი ამოწურა XX საუკუნეში. არადა ჩვენი აწმყო, ესაა ბუჩა, ირპენი, გოსტომელი. რამეს გეუბნებათ ეს სახელები? თქვენ, ბრალდებავ! დაინტერესდით და არ თქვათ მერე, რომ არაფერი იცოდით! ხუთი თვეა, რუსეთი საომარ მოქმედებებს აწარმოებს და სამარცხვინოდ უწოდებს მას სპეციალურ ოპერაციას. გამარჯვებას და დიდებას გვპირდებიან. კი მაგრამ, რატომ განიცდის არც თუ მცირე რიცხვი ჩემი თანამემამულეებისა სირცხვილსა და დანაშაულს? რატომ გამოუჩნდა ჩვენს ქვეყანას ამდენი არამეგობარი? იქნებ ჩვენ გვჭირს რამე? მოდით, ეს განვიხილოთ. აი, ეს გავაკეთე დეპუტატთა საბჭოს სხდომაზე“,– თქვა მან სასამართლოზე და დასძინა, რომ სურს, მომავლის რუსეთში უკრაინაში ელჩი გახდეს.


