"ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვნახოთ, არ ვიცი, იქნება თუ არა ეს რუსეთი"
08/07/2022 08:40:35 ეკონომიკა
„ვისოლის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ნავთობიმპორტიორები ცდილობენ, იპოვონ იაფი საწვავის წყარო, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, შემოიტანს თუ არა „ვისოლი“ საწვავს რუსეთიდან.
მისი თქმით, საქართველოში საწვავის ფასს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის ცვლილება განსაზღვრავს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასი გაიზარდა.
"ჩვენ ორნახევარჯერ მეტი საბრუნავი სახსრები გვჭირდება, ვიდრე ომამდე გვჭირდებოდა და აქ საუბარია მილიონებზე. ომის დასრულებამდე რამდენად შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს ამ ბაზარზე, არ ვიცი. თუ ერთი, ორი კვირა ნარჩუნდება დაბალი ფასები საერთაშორისო ბაზარზე, ამას აუცილებლად აქვს ადეკვატური ასახვა ჩვენ ქსელში. [...] ომის დაწყების შემდეგ გარკვეული პერიოდი იყო სამშვიდობო მოლაპარაკებები . რ ქვეყანას შორის, ამავდროულად, ამერიკამ გამოუშვა თავისი რეზერვები იმისთვის, რომ ფასები შემცირებულიყო და ბაზარზე სტაბილიზაცია მიეღო, მაგრამ ეს ძალიან მოკლე პერიოდი იყო. სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა და ისევ 120 დოლარს დაუბრუნდა ბარელის ფასი. ძალიან გვინდა, რომ საწვავის ფასი ნაკლები იყოს, უფრო მეტი გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ელოდა ფასების შემცირებას და ჩვენც ველოდით ამას, მაინც ყველაფერი ცუდი მხარისკენ შემოტრიალდა. ჩვენ ვცდილობთ დღემდე რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება. ვნახოთ, არ ვიცი იქნება თუ არა ეს რუსეთი",- განაცხადა ფხაკაძემ.


