ლავროვი "დიდი ოცეულის" მინისტრთა კონფერენციას ვადაზე ადრე ტოვებს
08/07/2022 08:31:39 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საკუთარი გამოსვლის შემდეგ დატოვა „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარეობს.
გერმანული მაუწყებლის DW-ს ინფორმაციით, ლავროვი აღარ დაელოდა მომდევნო გამომსვლელს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და დარბაზიდან გავიდა.
ბერბოკი ჯერ კიდევ კონფერენციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ "არავინ შეეგუება რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეუძლებელია საუბარი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე მასთან, ვინც ბომბავს მშვიდობიან, საერთაშორისო წესრიგს“.
თავად ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა დაარღვიეს „დიდი ოცეულის“ მანდატი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის საკითხების განხილვას ითვალისწინებს და რუსეთს თავს ესხმოდნენ უკრაინაში ომის გამო.
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სააგენტო dpa-ს განუცხადა, რომ ლავროვი „დიდი ოცეულის“ მინისტრთა კონფერენციას ვადაზე ადრე დატოვებს, რამდენიმე ორმხრივი მოლაპარაკების შემდეგ. შესაბამისად, იგი არ დაესწრება დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ პლენარულ სხდომას.
ცნობისთვის: ინდონეზიის კუნძულ ბალიზე "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 7 ივლისს გაიხსნა. მასპინძელი ინდონეზიის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას და ვახშამს, ლავროვის გამო არ დაესწრნენ „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების: იაპონიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები. გაუქმდა ერთობლივი ფოტოს ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა სერგეი ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება. ამ ყველაფრის მიზეზია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
"დიდ ოცეულში" რუსეთის და "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების გარდა, არიან: არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, თურქეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, ავსტრალია და ევროკავშირი.


