"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ლავროვთან ერთად ვახშამზე
08/07/2022 06:27:31 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ ვახშამს არ დაესწრნენ მინისტრები „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებიდან.
„როგორც ჩანს, მათ ასე ესმით ეტიკეტი“,– ციტირებს ლავროვს რუსული მედია.
მანამდე მედია წერდა, რომ მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ ვახშამს, ლავროვის გამო არ დაესწრნენ „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების: იაპონიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები.
სააგენტოს ცნობითვე, „დიდი ოცეულის“ მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 7 ივლისს გაიხსნა, გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება. ამ ყველაფრის მიზეზია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.


