"მოლდოვაში არ ყოფილა ახალი მარიუპოლი, თუმცა მან მიიღო კანდიდატი წევრის სტატუსი, ყველას გვინდა მშვიდობა"
07/07/2022 18:35:48 მსოფლიო
უკრაინის პარლამენტის წევრი ოლექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობის მესიჯბოქსი, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომზე გადის, სრული სიცრუეა".
"მე არ ვუსურვებ არავის, რომ საქართველოში ისეთი საშინელება მოხდეს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ეს საშინელებაა. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, მოსახლეობამ მშვიდობიან გარემოში იცხოვროს. ვფიქრობ, რომ უკრაინამ კანდიდატი წევრის სტატუსი ძალიან მტკივნეულად მოიპოვა. საქართველოს შეეძლო, ეს გზა უფრო მარტივად გაევლო, თუმცა ჩვენდასამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები არ იყო შესაბამისი, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. აქედან გამომდინარე, მთავრობის მესიჯბოქსი, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომზე გადის, სრული სიცრუეა. ჩვენ ყველას გვინდა, იყოს მშვიდობა და ამის ნათელი მაგალითია მოლდოვა, რომელმაც ეს სტატუსი ომის გარეშე მიიღო და ვუსურვებ საქართველოსაც, რომ ეს სტატუსი ომის გარეშე მიიღოს. მოლდოვაში არ ყოფილა ახალი მარიუპოლი, თუმცა მან მიიღო კანდიდატი წევრის სტატუსი. დიახ, უკრაინაში, სამწუხაროდ, მოხდა მარიუპოლი თუმცა უკრაინელმა ერმა გმირული ბრძოლის შემდეგ მიიღო ეს სტატუსი. თავიდანვე საუბარი იყო, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს უნდა მიეღო. ისინი ერთად მოქმედებდნენ, ერთ გზაზე იყვნენ. დღეს მინდა ყველას ვუთხრა, რომ ახალი მარიუპოლი არ არის საჭირო არც საქართველოში, არც უკრაინაში და არც მოლდოვაში, რომ ევროპის გზაზე ვიმოძრაოთ და მივიღოთ სტატუსი. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ეს მოხდა მხოლოდ უკრაინაში. საქართველომ, წლების განმავლობაში, ამ გზაზე იმოძრავა და ეს საკმარისი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მსგავსი რამ არ ყოფილა", -აცხადებს, "მტავარი არხის" ცნობით, გონჩარენკო.
მისი თმით, იმ პირთა ვინაობა, ვისაც სანქციები უნდა შეეხოს, ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა:
"საქართველოს მხარს ყოველთვის ვუჭერდი და მხარდაჭერა ყოველთვის გაგრძელდება. ვთვლი, რომ ვითარება, სადაც დღეს საქართველო იმყოფება ხელისუფლების გამო, ძალიან ცუდია. რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, კონკრეტული სიაა თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ გვაქვს. ვინ მოხვდება სანქციებულთა ჩამონათვალში, ამ ინფორმაციას მე არ ვფლობ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გახდება ცნობილი".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
კერძოდ, გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "დეკემბრამდე უკრაინაში ომის დასრულების შემთხვევაში გაიზრდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი":
„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე მაინც დასრულდება. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა დამეთანხმებით, ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება არ ღირს. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის, საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი – არა, და თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს“.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.


