უკრაინის ჯარის მიერ ქვეყანაში განადგურებული რუსული საცავების რაოდენობამ 25-ს გადააჭარბა
07/07/2022 13:34:11 მსოფლიო
უკრაინის ფრონტზე მოვლენათა განვითარება ბოლო დღეებში საგრძნობლად გააქტიურდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განადგურებული რუსული საცავების რაოდენობამ უკვე 25-ს გადააჭარბა. საუბარია საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობებზე, ასევე სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე.
როგორც ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უკრაინული ძალების კონტრშეტევის სტრატეგიის კონტურები ყოველდღიურად სულ უფრო მკაფიო ხდება: აგრესორის ჯარს მარაგების გარეშე ტოვებენ, ხოლო შემდეგ ანადგურებენ "გრადებისა" და სხვა სისტემების გამოყენებით.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს ხანებში უკრაინის შეიარაღებული ძალები 122-ე კალიბრის ჭურვების დიდ პარტიას მიიღებენ, რაც კიევს მისთვის უკვე მიწოდებული უცხოური სისტემების სრულად ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
ამ დღეებში ამერიკულმა კომპანია ABC-მ უკრაინელებისთვის მიწოდებული HIMARS-ების ბრძოლის ველზე გამოყენების ამსახველი ვიდეომასალა და სიუჟეტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ამ სისტემების საბრძოლო "ნათლობამ" წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით გაესვა ხაზი მათი გამოყენებისთვის სახელდახელოდ მომზადებული უკრაინელი ოპერატორების მაღალ პროფესიონალიზმს.


