Accentnews.ge
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი – რა გამოწვევები აქვთ საჯარო სფეროში დასაქმებულებს

ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი – რა გამოწვევები აქვთ საჯარო სფეროში დასაქმებულებს

07/07/2022 10:40:25 საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) „ღია საზოგადოების ფონდთან“ ერთად აქვეყნებს კვლევას, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებებია შეფასებული.

კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები: ა) საჯარო დაწესებულებების მიერ პირების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისას კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის გადაჭარბება; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მაღალი მაჩვენებელი და ამ მიზნით გაცემული სახელფასო დანამატის მცირე ოდენობა; გ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით სრულად სარგებლობის სიმცირე; დ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების არარსებობა; ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის სხვა ან/და დამატებითი ფუნქციების დაკისრების მაღალი მაჩვენებელი; ვ) ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევების არარსებობა; ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნის სიმცირე; თ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენების მცირე რაოდენობა; ი) საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანების ან/და კავშირის არარსებობა.

კვლევის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში, საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების განხორციელებისას გამოიკვეთა შემდეგი დადებითი ტენდენციები: ა) ქალი საჯარო მოსამსახურეების მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება და, მოთხოვნის შემთხვევაში, ანაზღაურების გარეშეც; ბ) საჯარო დაწესებულებების მიერ ქალი საჯარო მოსამსახურეებისთვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სრულად ანაზღაურება.

კვლევის მიზანია საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგი. კვლევის ფარგლებში განხორციელდა ა) საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებთან; ბ) სამიზნე საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; გ) საიას სამართლებრივი დახმარების პროგრამის სასამართლო პრაქტიკის შესწავლა; დ) სოციოლოგიური კვლევა (თვისებრივი და რაოდენობრივი).

კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: ა) სამუშაო დრო და დასვენების დრო; ბ) ზეგანაკვეთური სამუშაო და სახელფასო დანამატი; გ) არასრულ (ნახევარ) განაკვეთზე მუშაობა; დ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და მისი ანაზღაურება; ვ) პროფესიული განვითარების გამო შვებულება; ზ) შრომითი უფლებები კარიერის მართვის პროცესში (დროებითი ფუნქციების დაკისრება; საკუთარი ფუნქციებისგან გათავისუფლება და სხვა ფუნქციების დაკისრება; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანა); თ) პროფესიული კავშირები.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კვლევის ავტორები მოუწოდებენ საჯარო დაწესებულებებს წაახალისონ ისეთი შრომითი უფლებების აღსრულება, როგორიცაა: ა) საჯარო მოსამსახურეების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების გამო პროპორციული დასვენების დღეების მოთხოვნა; ბ) მამაკაცი საჯარო მოსამსახურეების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება; გ) პროფესიული განვითარების გამო შვებულების გამოყენება; დ) პროფესიული გაერთიანებების/კავშირების შექმნა, საქმიანობა და მათთან თანამშრომლობა;

„საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ შემდეგი შრომითი უფლებების რეალიზაცია: ა) ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება; ბ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების სრულად გამოყენება; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაბამის თანამდებობაზე გადაყვანის უფლების რეალიზაცია; საჯარო დაწესებულებებმა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ა) საჯარო დაწესებულებების შინაგანაწესების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან; ბ) საჯარო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და პროფესიული გაერთიანების/კავშირების მნიშვნელობის თაობაზე; გ) საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურთან თანამშრომლობის გაზრდა შრომითი უფლებების ეფექტური იმპლემენტაციისა და მონიტორინგის თვალსაზრისით; დ) შრომითი უფლებების მდგომარეობის ამსახველი სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება და ყოველი წლის ბოლოს საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდება", – ნათქვამია კვლევაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S