
"ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას, ხოლო ვინც აცრილია, უნდა გაიკეთოს "ბუსტერი", რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე"
07/07/2022 08:55:14 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გასულ ორ კვირასთან შედარებით, ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორ-ნახევარჯერ არის გაზრდილი, რაც „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამებს უკავშირდება.
მისი თქმით, ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას, ხოლო ვინც აცრილია, უნდა გაიკეთოს "ბუსტერი".
ამასთან, მან მოქალაქეებს დახურულ შენობებში პირბადეს ტარებისკენ მოუწოდა.
"რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე. მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გქვონდა მარტში. მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე გადატანით. ამიტომ შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი. მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის შემდეგ, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება, იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს იმუნური ფენა შემცირებულია ქვეყანაში. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა, 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა, "პირველი არხის" ცნობით, ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში და რომელ კატეგორიაში შემავალ პირებს შეუძლიათ, გაიკეთონ ვაქცინის მეოთხე, ანუ ბუსტერდოზა:
„პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები; ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 50 წლამდე კატეგორიას, რომელში შემავალ პირებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, აქვთ მყარი იმუნიტეტი, თუმცა სურთ მეორე ბუსტერის გაკეთება, ამირან გამყრელიძე მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევს. გამყრელიძე მეოთხე დოზას დასაშვებად მიიჩნევს ასევე მოგზაურობის შემთხვევაში.
მისი განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ–ინფიცირებულთა 7-8 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მისივე თქმით, ინფიცირებულთა დამძიმების ტენდენცია არ არის.
„დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე დაახლეობით 350 პაციენტი წევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე იუწყებიან.