BBC - ჯონსონი კონსერვატორების ლიდერის თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერად მუშაობას კი შემოდგომამდე გააგრძელებს
07/07/2022 08:28:49 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის თანამდებობას დღეს დატოვებს, პრემიერად მუშაობას კი შემოდგომამდე გააგრძელებს, – იუწყება BBC.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მის წესიერებაში ეჭვი შეაქვთ არა მხოლოდ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ჯონსონის თანაპარტიელ კონსერვატორებსაც. 5 ივლისს თანამდებობები დატოვეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა. მათ გადადგომას მოჰყვა ჯონსონის მთავრობიდან კიდევ რამდენიმე ათეული წევრის წასვლა.
მინისტრების გადადგომა სკანდალს უკავშირდება. საქმე ეხება კონსერვატორების საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.
5 ივლისს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციამ ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დარჩებოდა თანამდებობაზე, მიუხედავად მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კონსერვატორების მზარდი უკმაყოფილებისა.
6 ივნისს ბორის ჯონსონი გადაურჩა თანაპარტიელი კონსერვატორების მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. კონსერვატორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.


