Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთს ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლისთვის არ მიუღწევია

უკრაინის გენშტაბი – რუსეთს ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლისთვის არ მიუღწევია

07/07/2022 07:05:38 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთს ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლისთვის არ მიუღწევია.

მისი ცნობით, ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ისევ დონბასია.

როგორც შტაბი იუწყება, მოწინააღმდეგემ დონეცკის ოლქის ქალაქების: სლავიანსკის, კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებით, არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით იერიში მიიტანა ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. რაც შეეხება ლუგანსკის ოლქს, გენშტაბის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის დაძლევას და ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა. ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.

გუშინ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ლუგანსკის ოლქი 100%-ით ოკუპირებული არ არის და ბრძოლა გრძელდება ოლქის შემოგარენში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S