უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: "რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს"
07/07/2022 06:52:20 მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს აღარ აქვს ძალა, თავდასხმები ფრონტის ერთზე მეტი მიმართულებით განახორციელოს.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის არსენალის ამოწურვის ნიშნები შეინიშნება.
"გასულ თვეში ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემების HIMARS-ის მიღებამ, უკრაინას საშუალება მისცა, ზუსტი დარტყმები განეხორციელებინა იმ რუსულ სამიზნეებზე, რომლებიც მანამდე ქვეყნის შეიარაღებაში არსებული აღჭურვილობისთვის მიუწვდომელი იყო. რუსები დაუცველები არიან HIMARS-ის მიმართ. უკრაინას კიდევ ათეულობით ასეთი შეიარაღება დასჭირდება", – განაცხადა დანილოვმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინამ თავდაცვითი ომი უნდა აწარმოოს.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


