
მედია – საქართველო რუს ოლიგარქს აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს
06/07/2022 19:13:46 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველო რუს მილიარდერს აუქციონით კულტურული მემკვიდრეობის შენობას გადასცემს.
როგორც ტელეარხი იუწყება, "მიხაილოვის ისტორიული საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია - 8 შენობა ეზოებით, ჯამში 20 000 კვადრატულზე მეტი შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად იყიდა. შალვა ბრიუსი, გენერალ ალექსანდრე ლებედთან დაახლოებული ოლიგარქია. ბრიუსს საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. შესყიდვა 18 დღის წინ განხორციელდა. შარშან, ხსენებული საავადმყოფო 40 მილიონი ლარი ღირდა, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა".
"ფორმულას" ინფორმაციით, "ბრიუსს რუსული წყაროების მიხედვით, საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთანაც აქვს კავშირები"
"უკრაინაში ომის პარალელურად, სახელმწიფო აუქციონში ბრიუსმა გაიმარჯვა და მასზე მორგებული, შეცვლილი აუქციონის პირობებით და 24 მილიონი ლარით ნაკლებად მიიღო ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის შენობა თბილისის ცენტრში.
რუსმა ოლიგარქმა ხელოვნების ცენტრად ეს ადგილი 6 წელში უნდა გადააკეთოს, თან ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ დაზიანდეს", – იუწყება "ფორმულა".
"რუსეთის მძიმე აგრესიის ფონზე უკრაინაში, როდესაც მთელი მსოფლიო ასანქცირებს და წყვეტს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კვლავ დაკავდა კორუფციული გარიგებებით რუს ოლიგარქებთან. ამჯერად ვსაუბრობთ მიხაილოვის საავადმყოფოზე, სადაც აუქციონი მთლიანად მორგებული იქნება რუს ოლიგარქ შალვა ბრეუსზე. ის თავის დროზე იყო საქართველოში 9 აპრილის მომწყობი ლებედის მოადგილე, მისი გუბერნატორობისას და ითვლება პუტინის გარემოცვაში მყოფ ადამიანად", - აცხადებს, "მტავარი არხის" ცნობით, ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე.