ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს რუს ოლიგარქთან შეხვედრები დაუდასტურა
07/07/2022 06:00:24 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატის წევრებს დაუდასტურა, რომ ის რუს ოლიგარქსა და „კა-გე-ბეს“ ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლებედევს, თანაშემწეების გარეშე რამდენჯერმე შეხვდა, – იუწყება BBC.
6 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას ჯონსონს ჰკითხეს, შეხვდა თუ არა ლებედევს იტალიაში, 2018 წელს, როცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ბორის ჯონსონმა ეს ფაქტი დაადასტურა. მისივე თქმით, ლებედევს, რომელიც ბრიტანული გამოცემის, Evening Standard-ის მფლობელი იყო, ლონდონის მერად მუშაობის პერიოდშიც შეხვდა.
როგორც BBC წერს, სწორედ ჯონსონმა შეუწყო ხელი ლებედევის ვაჟის ევგენის ლორდთა პალატის წევრობას, მისთვის პერის ტიტულის მინიჭებით. გამოცემა Sunday Times წერდა, რომ 2020 წელს ბიზნესმენ ევგენი ლებედევს პერის ტიტული მისცეს მიუხედავად სპეცსამსახურების გაფრთხილებისა, რომ იგი შესაძლოა, საშიში იყოს დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გამოცემის თანახმად, სპეცსამსახურების უარყოფითი რეკომენდაცია ჯონსონის ჩარევის შედეგად გაიწვიეს. თავად ევგენი ლებედევი უარყოფს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენს. ევგენი ლებედევი 2010 წლიდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მწვავე პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. მის წესიერებაში ეჭვი შეაქვთ არა მხოლოდ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებს, არამედ ჯონსონის თანაპარტიელ კონსერვატორებსაც. 5 ივლისს თანამდებობები დატოვეს დიდი ბრიტანეთის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა. მათ გადადგომას მოჰყვა ჯონსონის მთავრობიდან კიდევ რამდენიმე ათეული წევრის წასვლა.
6 ივნისს ბორის ჯონსონი გადაურჩა თანაპარტიელი კონსერვატორების მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. კონსერვატორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.


