უკრაინის გენპროკურორი: "რუსეთის მიერ ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულის 21 ათას შემთხვევას ვიძიებთ"
06/07/2022 19:18:59 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას თქმით, მიმდინარეობს გამოძიება ომის 21 ათას შესაძლო დანაშაულზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დღიდან ჩაიდინა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში ყოველდღიურად 200-300 შეტყობინება შედის ომის შესაძლო დანაშაულების შესახებ.
"ბევრი სასამართლო პროცესი შესაძლოა, დაუსწრებლად წარიმართოს, თუმცა სასამართლო პროცესების ჩატარება სამართლიანობის საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, წამება და გაუპატიურება, გაიგონ, რომ მათი სასამართლოს წინაშე წარდგომა მხოლოდ დროის საკითხია", - აცხადებს ვენედიქტოვა.
23 მაისს ომის დანაშაულის ბრალდებით უკრაინაში რუსი სამხედრო ვადიმ შიშიმარინი გაასამართლეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოგვიანებით იგივე ბრალდებით უკრაინამ კიდევ ორი რუსი ჯარისკაცი გაასამართლა.


