მედვედჩუკის ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა
06/07/2022 15:32:02 მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი ვერტმფრენი და თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, მედვედჩუკის ქონება დაყადაღდა.
პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პრორუს ოლიგარქად მიიჩნევა, სამართალდამცველებმა აპრილში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან შინაპატიმრობის პირობები დაარღვია და რუსეთში გაქცევა სცადა.
მედვედჩუკი შარშან დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებების საფუძველზე. 67 წლის მედვედჩუკი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მედვედჩუკი, რომელიც შვებულებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ატარებდა და პუტინი მისი შვილის ნათლიაა, ერთ-ერთი უმდიდრესი პირია უკრაინაში. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 620 მილიონ დოლარს უტოლდება, ის მოიცავს ქონებას რუსეთის ენერგეტიკის სფეროში.
უკრაინამ მედვედჩუკს სანქციები 2021 წლის თებერვალში დაუწესა - გაყინა მისი ქონება და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სატელევიზიო მაუწყებლობიდან მოხნა სამი ტელეარხი, რომლებიც, უკრაინის მესვეურების თქმით, მედვედჩუკს ეკუთვნოდა.


