
ცერცვაძე მოქალაქეებს ურჩევს, რესპირაციული სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ გაიკეთონ კოვიდ-ტესტი
06/07/2022 15:27:31 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ურჩევს, რესპირაციული სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ გაიკეთონ კოვიდ-ტესტი.
"არის ერთი მკაფიო გზა, რომლითაც ჩვენ მივაღწიეთ პრაქტიკულად მინიმალურ ნიშნულს გარდაცვალებისას. დღეს საქართველოში დომინანტი არის BA.5 ["ომიკრონის" ახალი ქვე-ვარიანტი], რომლებზეც მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი. ხასიათდება ძალიან დიდი გადამდებლობის უნარით, უფრო მეტით, ვიდრე წინა შტამებით. ამ შტამებით გამოწვეულ კოვიდს პირველ დღეებში იგივე სიმპტომები აქვთ, რაც სხვა რესპირაციულ დაავადებებს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ აქვთ რაღაც რესპირაციული ინფექცია და არ იკეთებენ ტესტს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ყველა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომები, ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს, უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი კოვიდზე. ეს არის უფასო. თუ კოვიდი დადასტურდება, მაშინვე უნდა შევიდეს კომუნიკაციაში ოჯახის ექიმთან. თუ ის არის ასაკოვანი, თუ მას აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს მძიმე ფორმა, დაუნიშნავენ „პაქსოვიდის“. თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო - „რემდესივირს“. მინდა ყველამ დაიმახსოვროს, რომ პირველ სამ დღეში დანიშნული „პაქსოვიდი“ და „რემდესივირი“ პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ თქვენ არ დამძიმდებით, არ მოგიწევთ ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით, რეანიმაციაში მოხვედრა და არ დადგება ლეტალური გამოსავალი. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში პაციენტებს, რომლებსაც ჩვენ პირველივე დღეებში დავუწყეთ „რემდესივირი“ ან „პაქსოვიდი“ (ეს არის უახლესი, ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა), არცერთი მათგანი არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა ჰოსპიტალში და არ გარდაცვლილა. ეს არის უნიკალური შედეგი", – აცხადებს ცერცვაძე.
განცხადებით, ორი კვირის წინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 50-60 შემთხვევა იყო, დღეს 600-ზე მეტია. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.
"საქართველოში ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტია. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით, მიაღწევს შემოდგომაზე. ცუნამსაც არ ველოდებით. ჩემი აზრით, იქნება ზომიერი მატება. მთლიანად ვერ ავიცილებთ მატება, მაგრამ მინიმალური და ზომიერი რომ იყოს, ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები არ გვავალდებულებს ამჟამად არაფერს, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასურველია, გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილებზე მაინც. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ შევზღუდავთ რაოდენობის ზრდასაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე იუწყებიან.