რატომ ბლოკავს რუსეთის სასამართლო ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტს
06/07/2022 14:58:46 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, 30 დღით შეწყდეს "კასპიის მილგამყვანი კონსორციუმის" საზღვაო ნავთობტერმინალის მოქმედება, რომლის მეშვეობით ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის 80%-ის ექსპორტი ხორციელდება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ "ტერმინალის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რათა დადგინდეს დოკუმენტაციაში დარღვევები, რომლებიც „როსტრანსნადზორმა“ გამოავლინა".
რუსეთის სასამართლომ ნავთობის მიწოდება დაბლოკა მალევე მას შემდეგ, რაც ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ბაზრებზე „ვითარების სტაბილიზება“ შესთავაზა. რუსეთის მრავალმა მედიასაშუალებამ საუბრის ეს ნაწილი წარმოადგინა როგორც წინადადება, ევროკავშირისთვის ჩაანაცვლოს რუსეთის ნავთობი, რომელზეც სანქციები ვრცელდება.
საზღვაო ტერმინალის მფლობელი, "კასპიის მილგამყვანი კონსორციუმი" სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. კონსორციუმის განცხადებით, ნავთობის გადატუმბვის შეჩერება მოწყობილობის გამოუსწორებელ დაზიანებას გამოიწვევს.
"კასპიის მილგამყვანი კონსორციუმი" პარტნიორებს ყოველდღიურად აწვდის 51,2 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს, რაც მსოფლიო ნავთობის მოცულობის 1% არის. კომპანიის აქციების 31% რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის, 20,75% - ყაზახეთს. დანარჩენი აქციონერები არიან უცხოური კომპანიები, მაგალითად, ამერიკული Chevron და Mobil და იტალიური Eni.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა და ევროპის კავშირმა რუსეთის ნავთობზე ეკონომიკური სანქციები დააწესეს, მაგრამ სანქციები არ შეხებია ყაზახეთის ან სხვა ქვეყნების ნავთობს, რომელიც გადაიქაჩება რუსეთის ტერმინალებით, სადაც მათ ტანკერებზე ტვირთავენ და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწვდიან მომხმარებელს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა გამოიწვია რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის შემცირება და ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა.


