
სასამართლომ გალიფ ოზთურქი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დააჯარიმა
06/07/2022 13:45:49 საზოგადოება
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა, რომელიც გალიფ ოზთურქის მიერ მარიხუანას შეძენა-შენახვას-გადაზიდვას ან გადაგზავნას ეხებოდა რომელიც ცალკე ეპიზოდია.
როგორც ადვოკატი ამბობს, მარიხუანის ფლობის საკითხზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება სასამართლოში 28 ივნისს დაიწყო. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მარიხუანა ოზთურქის ოფისიდან მისი დაკავების შემდეგ ჩატარებული ჩხრეკის საფუძველზე ამოიღეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
დღევანდელ პროცესზევე ადვოკატმა თენგიზ კახიძემ ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
გამოძიება ბიზნესმენს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შენახვას ედავება. ის 31 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციისას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
გალიფ ოზთურქის დაკავების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - იუწყებოდა საგამოძიებო სამსახური.
თუმცა ფინანსური დანაშაული ამ ეტაპზე დაკავებულის ბრალდებაში არ ფიგურირებს.
2 ივნისს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს პატიმრობა მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
ბათუმში მომუშავე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ მედიასაშუალებები აქტიურად უკავშირებდნენ გოგოლის ქუჩაზე წამოწყებულ მასშტაბურ, უკანონო მშენებლობას.