
ივანიშვილის დეიდაშვილი „ანტიკორუფციულ მოძრაობას" უჩივის
06/07/2022 10:51:18 საზოგადოება
„ანტიკორუფციულ მოძრაობის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელზე სასამართლო მოსმენა დღეს მიმდინარეობს.
როგორც „ანტიკორუფციული მოძრაობა“ განმარტავს, საქმე ეხება ე.წ. ქოლცენტრების საქმეს, რომელთან კავშირშიც მათ მამაცაშვილი დაადანაშაულეს, ამ უკანასკნელმა კი საპასუხოდ სასამართლოში იჩივლა.
ორგანიზაციის ლიდერების შეფასებით, აღნიშნული სარჩელი კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს ოლიგარქიული რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას:
„არამარტო ანტიკორუფციული მოძრაობის“ შეფასებით, არამედ სახალხო დამცველის შეფასებითაც დღევანდელი სასამართლო პროცესი არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ებრძვის ოლიგარქიული რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ებრძვის მედიას და როგორ გვებრძვიან ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ, რომლებიც ვამხელთ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, არაფორმალურ მმართველებს და მათ მფარველობას, ტრანსნაციონალურ დანაშაულშია. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რას გვედავება ოლიგარქიული რეჟიმი და უჩა მამაცაშვილი.
ერთის შემთხვევაში, ეს არის ელექტროენერგიის ტარიფი: ჩვენ ვიკვლევთ, თუ რატომ გაუძვირდა ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგიის ტარიფი, რატომ გაუძვირდა კერძო სექტორს ელექტროენერგიის ტარიფი. ის, რომ არსებობს კორუფციული ინტერესი, არსებობენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ასოცირდება არაფორმალურ მმართველებთან და ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს უძვირდებათ ყოველდღიური ცხოვრება. ნაცვლად იმისა, ხელისუფლება კორუფციის აღმოფხვრით იყოს დაკავებული, გვიჩივის ჩვენ.
როცა უჩა მამაცაშვილი გვთხოვს მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში, ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ჩვენ დღეს ვაყენებთ შუამდგომლობას და ეს შუამდგომლობა ცალსახად დაადასტურებს სასამართლოს პოზიციას უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებით. ვითხოვთ ნიკა გვარამიას მოწმის სახით გამოძახებას იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას უშუალოდ ჰქონდა ინტერვიუ პირთან, რომელიც საუბრობდა უჩა მამაცაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ქოლცენტრების საქმეში“.
არსებული ინფორმაციით, მამაცაშვილი ორგანიზაციას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის 150 000 ლარს ითხოვს.