ერდოღანი: „მხარეები ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან“
06/07/2022 10:16:44 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან.
"მოლაპარაკებები გრძელდება, რათა მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს". - თქვა ერდოღანმა იტალიის პრემიერ მარიო დრაგისთან ერთად ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, კომერციული გადაზიდვისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჯერჯერობით მარცვლეულის დეფიციტს არ განიცდის, აფრიკა უკვე "დიდი პრობლემის" წინაშე დგას.
კიევის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში, რომელსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, ოკუპანტებმა დაახლოებით 2 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი აიღეს.
„რეგიონში მოსავლის აღების კამპანია მიმდინარეობს“ - განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ და დასძინა, რომ წელს რეგიონში მიღებული მოსავალი წინა წლისას, სავარაუდოდ, 1.5 მილიონი ტონით გადააჭარბებს.
ბალიცკის თქმით, ზაპოროჟოეში მიღებული გასული წლის მოსავლის 70% რუსულმა ძალებმა უკვე გაყიდეს, რაშიც მათ ანექსირებული ყირიმის ე.წ ხელისუფლება ეხმარება.
ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვის თქმით, მოსავლის მიყიდვა მხოლოდ ავტორიზებული პირებისთვის, ნახევარ ფასადაა დასაშვები.
„ავტორიზებული მწარმოებელი ნახევარ ტონა მარცვლეულს 50 დოლარზე ოდნავ მეტად აფასებდა. ეს ნახევარი ტონა მარცვლეულის ფასია. შემოდგომით ამ პირობებში არავინ დათესავს მინდვრებს“ - განაცხადა მელიტოპოლის მერმა ფედოროვმა.


