
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო
06/07/2022 09:51:11 რეგიონები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დეპუტატებს შორის დაპირისპირება ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც ოზურგეთში, ეკლესიის ეზოში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ენმ–ის წევრები მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის თემაზე მართავდნენ შეხვედრას, „ქართული ოცნების“ წევრებმა კი შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. დარბაზში ისმოდა შეძახილები: „სააკაშვილის მონები“, „ქართული ოცნების" ზონდერები, „ომის პარტია", „ბორინკა ივანიშვილის დავალების შემსრულებლები".
ცნობისთვის: 3 ივლისის აქციის წინა დღეებში ოზურგეთში გამართული საინფორმაციო კამპანიის დროს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ მოქალაქეებთან შეხვედრებში ხელს საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უშლიდნენ.