"დეფიციტურ თვეებში ელექტროენერგია, მათ შორის, რუსეთიდან შემოდის, გადამწყვეტი ფასია"
06/07/2022 09:09:09 ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს“.
მისი თქმით, დეფიციტურ თვეებში ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან ახორციელებს და გადამწყვეტი ამ დროს ფასია:
"ბოლო წლებში, როდესაც ელექტროენერგიის სიჭარბეა, ექსპორტი ორ ქვეყანაში - თურქეთსა და სომხეთში ხორციელდება. გაზაფხულის პერიოდიდან, როცა თოვლის დნობა იწყება და პლუს უხვი ნალექია, ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება ადგილობრივ მოხმარებას აჭარბებს. შესაბამისად, ამ პერიოდში (ძირითადად, ეს არის მაისი-ივნისი, შესაძლოა, ივლისის გარკვეული დღეებიც), ელექტროენერგიის ექსპორტი ხდება.
დეფიციტურ თვეებში კი ელექტროენერგია პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის, რუსეთიდან. ძირითადი გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ფასი. საიდანაც უფრო დაბალი ფასი იდება აუქციონზე, შესაბამისად, ელექტროენერგიის შემოტანა იქიდან ხდება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.


