უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონში სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ
06/07/2022 06:34:26 მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში სამი უცნობი პირი თავს დაესხა სამხედრო ნაწილს.
როგორც მედია წერს, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იძებნება სამი უცნობი, ისინი შეიარაღებული არიან ავტომატებით და ნიღბები უკეთიათ.

ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა გამთენიისას გაიგეს. ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო, მოგვიანებით ერთ–ერთმა ადგილობრივმა ტროტუარზე სისხლის კვალით ვიდეო გამოაქვეყნა.
სხვა დეტალები უცნობია, უცნობია მოტივი და თავდასხმის შედეგებიც.
ქალაქ კლინცის სამხედრო ნაწილი №12721 მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრზე. ნაწილში დისლოცირებულია რუსეთის ფედერაციის 488-ე მოტომსროლელი პოლკი.
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რუსეთში, უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში, გამოცხადდა ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ დონე. ბრიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქები არაერთხელ იუწყებოდნენ სროლის და აფეთქებების შესახებ.


