
ზელენსკი: "რუსეთი უკრაინის ტერიტორიას განიხილავს როგორც პლაცდარმს, სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად"
05/07/2022 12:29:55 ევროპა
რუსეთი ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც პლაცდარმს სხვა ევროპული ქვეყნების ხელში ჩასაგდებად და ამიტომ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მთელი ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Economist-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე უმნიშვნელოვანესია ევროპის ერთიანობა, რისთვისაც ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ არა ყველაფერი.
მისი შეფასებით, „ის, რაც ამჟამად ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ხდება, ომად უნდა განიხილებოდეს, რადგან გაზთან დაკავშირებული თამაშით რუსეთი ყველაფერს აკეთებს ინფლაციის ზრდის შესანარჩუნებლად, რათა ამ ზამთარში ევროპამ თავის ისტორიაში უდიდესი კრიზისი განიცადოს“.
მან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზეც ისაუბრა:
„გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა, ისეთი უსაფრთხო სივრცე, რომელიც ეფექტური იქნება იმ პირობებშიც, როცა ალიანსში არ ვართ. ახლა რომ ასეთი სისტემა არსებობდეს, ომი არ იქნებოდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს აღარასდროს მოხდეს. ეს არის მთავარი ამოცანა“.