
გაუმართავი მანქანები საქართველოში - აუდიტის სამსახურის დასკვნა
05/07/2022 11:33:00 საზოგადოება
ტექინსპექტირების სავალდებულო წესის ამოქმედების მიუხედავად, საქართველოში გაუმართავი მანქანები მოძრაობენ, მათი შემოწმებისა და დაჯარიმების სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს კანონის ამ მოთხოვნის სრულყოფილად დაცვას,– მსგავს დასკვნამდე მივიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტექინსპექტირების 2018-2020 წლის პრაქტიკის შესწავლის შემდეგ.
2020 წელს ტექინსპექტირების გავლა უწევდა 1 250 787 მანქანას, მათგან მხოლოდ 41% მივიდა შესამოწმებლად (გაიარა 38%-მა). უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო 2019 წელს.
შეუმოწმებელი მანქანების გამოსავლენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მასშტაბით 559 ე.წ. ჭკვიანი კამერა აქვს დაყენებული, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, უწყებას ავტომატურად არ შეუძლია, აღმოაჩინოს მწყობრიდან გამოსული ვიდეოკამერები - "[შემოწმება] კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება". სწორედ ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოიყენებოდა 2019-2020 წლებში იმ მანქანების აღმოსაჩენად, რომელთაც ინსპექტირება არ ჰქონდათ გავლილი.
იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს ტექინსპექტირება მანქანების 62%–ს არ გაუვლია, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა მხოლოდ 19%–ის დაფიქსირება შეძლეს. უკეთესი მაჩვენებელი იყო 2019 წელს.
"წარმოდგენილ მაჩვენებლებს გააჩნიათ გაუმჯობესების პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეფორმის მიზნის სრულყოფილად მიღწევას", - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
ქუჩებში გაუმართავი მანქანების მოძრაობის კიდევ ერთ მიზეზად ჯარიმების მოცულობა და მისი დაკისრების პერიოდულობაა დასახელებული. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", ტექინსპექტირების არმქონე მანქანით გადაადგილებისთვის ადამიანი 50 ლარით ჯარიმდება, კომპანია კი 200 ლარით. ჯარიმა განმეორებით იწერება მხოლოდ 30 დღის გასვლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს მაქსიმუმ 600 ლარად, კომპანიას კი 2400 ლარად შეუძლია იაროს მთელი წლის განმავლობაში გაუმართავი მანქანით.
"[ამ თანხით მძღოლს] ეძლევა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების გამართულ მდგომარეობაში მოყვანა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არსებითად აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ თანხებს", - წერია აუდიტის დასკვნაში.
საკითხის შესწავლის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით. კეროდ, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვის კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება - იმის გამო, რომ არ არის დანერგილი გზისპირა ინსპექტირების მექანიზმები, წარმოიშვება რამდენიმე სახის რისკი. მათ შორის, ინსპექტირების გავლისთვის მძღოლები სხვებისგან თხოულობენ მანქანის სხვადასხვა ნაწილს, ანდა იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს გამონაბოლქვში კვამლიანობის დროებით გასაქრობად.