
ომბუდსმენმა ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა
05/07/2022 11:03:57 საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულიო პარტია „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.
„5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია. მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.
ვინაიდან სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი წარვუდგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის რამდენიმე უფლებამოსილ სუბიექტს და იმედს ვიტოვებთ რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება სასამართლოში“,- აღნიშნავს ლომჯარია.
ამავე განცხადებაში ომბუდსმენი საუბრობს იმ ფაქტზეც, რომ ძალადობრივი მოვლენიდან ერთი წლის თავზეც კი არ მიცემულან პასუხისგებაში მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.