
უკრაინელებმა ლისიჩანსკიდან უკან სტრატეგიულად დაიხიეს – ბრიტანული დაზვერვა
05/07/2022 08:12:39 ევროპა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, ის, რომ რუსებმა ლისიჩანსკი დაიკავეს, ნიშნავს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს ლუჰანსკის რეგიონს.
ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, "წინ იაროს იმ პოლიტიკური მიზნისკენ, რომელიც ომის უშუალო მიზნად დასახელდა - დონბასის "გათავისუფლებისკენ".
ამასთან, როგორც ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული, "ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, მოახდინა გონივრული, ეფექტური კოორდინაცია სულ მცირე, ორ სამხედრო ჯგუფს შორის, კერძოდ, ცენტრალურ ჯგუფსა და სამხრეთ დაჯუფებებს შორის. ცენტრალურ დანაყოფს, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი მეთაურობს, სამხრეთ დაჯგუფებას - ახლადდანიშნული სერგეი სუროვიკინი“:
„უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დანაკარგის გარეშე, სტრატეგიულად დაიხიეს უკან – თავიანთი გეგმის შესაბამისად. უკრაინული ძალები განლაგებულები იყვნენ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე. რუსებს ამ ადგილისთვის სამი მხრიდან შეტევა შეეძლოთ.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები დაბრუნდნენ ისეთ ტერიტორიაზე, რომლის დაცვაც შესაძლებელი იქნება.
დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით, რის შედეგადაც ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორეს. სავარაუდოდ, დონბასისთვის ბრძოლა ასევე გაგრძელდება".
უკრაინის გენერალურმა შტაბმა გუშინ, 4 ივლისს განაცხადა, რომ ლუჰანსკის ოლქზე კონტროლი დაკარგა.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამასთან, მათი განცხადებით, მტერი ჯარებს შეტევის განახლებისთვის აგროვებს.
იხილეთ ასევე: დონბასში ოკუპანტებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი საცავი გაუნადგურეს – მედია