
ზუგდიდში მედპერსონალი საპროტესტოდ გამოვიდა
05/07/2022 07:34:36 საზოგადოება
ზუგდიდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს.
ისინი პოლიკლინიკის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლების ნაწილს გაათავისუფლებს, ამასთან, გაიზრდება სამედიცინო მომსახურების ტარიფები, რაც მძიმედ აისახება ბენეფიციარებზე. კერძოდ, როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი ძირითადად ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფს – დევნილებს ემსახურებიან, ტარიფების გაზრდა კი მათ ცხოვრების ხარისხზე უკიდურესად მძიმედ აისახება.
"როგორც გავიგეთ, იგეგმება პოლიკლინკის გასხვისება, ხობის, ჯვარის და დევნილთა პოლიკლინიკის გაერთიანება. იცვლება მმართველი, რასაც მოჰყვება დევნილი მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა. ჩვენ ვემსახურებით შედარებით დაბალი ტარიფით, რითაც კმაყოფილია 45 ათასი ბენეფიციარი. გავიგეთ, ისიც, რომ შეიცვლება პროფილი და ტრავმატოლოგიური ცენტრი გახდება, ყველა თანამშრომელს გარეთ გაუშვებენ. ჯერჯერობით გვეუბნებიან, რომ არ გაგვიშვებენ. ჩვენ არ გვინდა ძველი ხელმძღვანელის გაშვება. ეს პოლიკლინიკა აშენებულია ჩვენი ხარჯებით, ჩვენი დანაზოგით. ეს ეკუთვნის ეკონიმიკის სამინისტროს, მაგრამ ჩვენი სახსრებით არის აშენებული! თუ დღემდე მოვიყვანეთ კმაყოფილი პაციენტები, ახლა რატომ უნდა დავიშალოთ?! პირიქით, გვერდში უნდა დაგვიდგნენ და ახალი ტექნიკა შემოიტანონ",- განაცხადა პოლიკლინიკის თანამშრომელმა ნატალია ჩიქოვანმა.