
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „შინ ევროპისკენ" დასრულდა
04/07/2022 07:47:38 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია, რომელსაც „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორები მართავდნენ, დასრულდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანი იყო ის, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხალხის ხმა გაეგონებინათ.
როგორც "სირცხვილიას" ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის ორგანიზატორები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, როგორ გაგრძელდეს სამომავლოდ პროტესტი.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დღეს მორიგი აქცია არ იგეგმება.
„იმდენი პოლიციელი მოიყვანეს, არ ვიცი, ამ ხალხს მუშაობის საშუალება რომ მისცენ, კრიმინალი ასეთ დღეში არ იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" თავიდან ბოლომდე მარტო ძალოვნებზეა ჩამოკიდებული, მეტი არავითარი რესურსი არ დარჩათ. მთელი ღამის განმავლობაში არცერთი სამართალდარღვევა არ ყოფილა, დილითაც მხოლოდ ხმაური იყო ჩვენგან. კიბეებიდანაც ამოგვწიეს პოლიციის ძალით და არ მოგვცეს იქ დადგომის უფლება, რომ შენობაში შესულ ღარიბაშვილს აქციის არცერთი მონაწილე არ დაენახა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი მტკიცე და მართალია, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად", - განაცხადა მაქარაშვილმა და დასძინა, „რაც მეტი ადამიანი იხმაურებს, რაც მეტი ადამიანის ხმას გაიგებს ივანიშვილი, მით უფრო სწრაფად მოხსნის ღარიბაშვილს და მის მთავრობას“.