
რუხაძე: "ამ კვირიდან "ოცნებას" პროტესტი ელის აბსოლუტურად ყველგან, მოემზადონ"
03/07/2022 20:44:33 საზოგადოება
აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ "ამ კვირიდან "ქართულ ოცნებას" პროტესტი ელის აბსოლუტურად ყველგან".
"ყველაზე მნიშვნელოვანია კამპანია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და მოიცავს მოქალაქეთა ინფორმირებას, ჩვენ ვხედავთ კვირაში ერთხელ გამართულ მასშტაბურ აქციებს და პერმანენტულ მცირე პროტესტს, რომელიც ამ კვირიდან "ქართულ ოცნებას" ელის აბსოლუტურად ყველგან, სადაც იქნებიან. ასე რომ, მოემზადონ. ცვლილებები ახლოსაა და ახლა მთავარია საზოგადოების თითოეულმა წევრმა ირწმუნოს ეს",- განაცხადა რუხაძემ.
აქცია დღეს 20:00 სთ–ზე პარლამენთან დაიწყო. შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. მოგვიანებით, ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ პროტესტმა მტავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. მათი თქმით, ღამეს ადგილზე გაათევენ და დილით "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხმაურის ფონზე დახვდებიან".
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.