
აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისიდან კვლავ პარლამენტთან ბრუნდებიან, ხოლო პარლამენტიდან დემონსტრანტების ნაწილი კანცელარიისკენ მიემართება
03/07/2022 20:04:17 საზოგადოება
აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისის ტერიტორიიდან კვლავ პარლამენტთან ბრუნდებიან.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი დემონსტრანტების ნაწილი კანცელარიისკენ მიემართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ და დილით "ადგილზე დახვდებიან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს".
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.
აქციის მონაწილეთა დანარჩენილი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.