
"გეგმის სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას"
03/07/2022 18:10:20 საზოგადოება
"სირცხვილიას" წევრის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას.
მისი განცხადებით, გეგმის ერთი ეტაპი რუსთაველზე შეკრებილებისთვის დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი. თუმცა, უკვე ცნობილია ის, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი, ის ვისაც სურვილი აქვს, ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაათევს.
შეკრებილები სკანდირებენ და სამოქმედო გეგმას ითხოვენ.
შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავარ მოთხოვნაზე - ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე. მისი თქმით, ასეთი მთავრობა ნიშნავს, რომ ის დაკომპლექტდება სრული კონსენსუსის პრინციპით, რაც ავტომატურად აგვარებს 2 პუნქტს - დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციას. ამის შემდეგ კი შეიძლება მუშაობის დაწყება ევროკომისიის სხვა მოთხოვნებზე კანდიდატის სტატუსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.