
თბილისში აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი
03/07/2022 16:03:59 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" იწყება. რუსთაველის გამზირი უკვე სრულად გადაიკეტა. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, ასევე – პოლიტიკური პარტიები.
აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდანაც ჩამოვიდა.
სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას, როგორ და რა მოთხოვნებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მთავარი მოთხოვნებია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც "იმუშავებს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დათქმული 12 პირობის შესრულებაზე, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს".
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.