ჰოკეიში რუსეთის ნაკრების მეკარე დეზერტირობის ბრალდებით დააკავეს
03/07/2022 15:00:30 მსოფლიო
ჰოკეიში რუსეთის ნაკრების მეკარე 25 წლის ივან ფედოტოვი სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ბრალდებით პეტერბურგში დააკავეს.
როგორც სპორტსმენის ადვოკატი ალექსეი პონომარიოვი აცხადებს, ფედოტოვმა მისი დახმარებით მოახერხა სასამართლოში საჩივრის შეტანა სამხედრო კომისარიატის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის შესაბამისადაც სპორტსმენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ამ საკითხზე სასამართლო სხდომა უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.
გასულ წელს ფედოტოვი ჰოკეის კონტინენტური ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. გაზაფხულზე მან გამოაცხადა, რომ აპირებდა ცსკა–ს დატოვებას. მეკარემ გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ NHL-ის ლეგენდარულ კლუბ The Philadelphia Flyers-თან და აპირებდა შეერთებულ შტატებში გადასვლას.


