
მაქარაშვილი – აქციის მონაწილეებს მიმართავს: „გადავწყვიტეთ, დავრჩეთ რუსთაველის გამზირზე, წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი, არაფრის შეგეშინდეთ“
03/07/2022 09:45:44 საზოგადოება
საპროტესტო აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ", რომელიც დღეს 20.00 საათზე თბბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება, მთელი ღამე არ დაიშლება. ამის შესახებ მოძრაბა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა განცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ მთელი ღამით რუსთაველის გამზირზე და ამის გამო, მიუხედავად კარგი ამინდისა, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. იქნება ძალიან საინტერესო ღამე, რადგან მონტაჟღება ეკრანი. ზოგადად იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან. ეს ლაპარაკი აქამდე ძალიან გვაკლდა, რადგან პოლარიზაციამ და კოვიდმა ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს. როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარციზაციის დასრულება, როცა სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ასე იქნება ამაღამაც. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამე არავინ მოიწყენს. ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევნი ვართ ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მთავარი მოთხოვნებია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც "იმუშავებს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დათქმული 12 პირობის შესრულებაზე, რაც, თავის მხრივ, გზას გაუხსნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს".
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.
დღევანდელ აქციაზე დიდი რაოდენობით მონაწილეებს ელოდებიან რეგიონებიდანაც. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მთელი კვირის განმავლობაში მმართველი პარტიის აქტივისტები თავს ესხმოდნენ ოპოზიციისა და მოძრაობის წარმომადგენლებს თბილისსა და რეგიონებში. ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა მოთხოვა.