მარიუპოლის მერის მრჩეველი: "კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოვაჩინეთ, რომელშიც 100-ზე მეტი ცხედარია"
01/07/2022 09:50:13 მსოფლიო
მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ასზე მეტი ცხედარია.
მისი ინფორმაციით, მასობრივი საფლავი კიევის ქუჩაზე ნახეს.
ქალაქის ქუჩებში ტონობით ნაგავია დაგროვილი. მერი ამბობს, რომ ქალაქი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა, გავრცელებულია ინფექციური დაავადებები - მათ შორის ქოლერა და დიზენტერია.
მარიუპოლი ამ დრომდე რუსი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


