"პუტინი იღებს იმას, რაც არ სურდა"
30/06/2022 13:36:02 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენი ვლადიმირ პუტინი იღებს იმას, რაც არ სურდა. ამის შესახებ მან მადრიდში ნატო–ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"პუტინი ფიქრობდა, რომ შეეძლო ტრანსატლანტიკური ალიანსის დაშლა. იგი ცდილობდა ჩვენს დასუსტებას. იგი ელოდა, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა. მაგრამ ის იღებს ზუსტად იმას, რაც არ სურდა. ჩვენ უფრო გაერთიანებულები ვართ, ვიდრე ოდესმე. ფინეთთან და შვედეთთან ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ოდესმე", – განაცხადა ბაიდენმა.
მან მადრიდში გამართულ სამიტს მან ისტორიული უწოდა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მადრიდში მიიღეს, აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ ზონაში". მისი თქმით, ამასთან, კონცეფციაში ალიანსმა პირველად, განსაზღვრა საკუთარი პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში.
ცნობისთვის: 2010 წელს, ლისაბონის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომლითაც ნატო-ს ათწლეულის სამოქმედო გეგმა განისაზღვრა, ჩინეთი მოხსენიებული არ არის. რაც შეეხება რუსეთს, ლისაბონში მიღებულ კონცეფციაში, აღნიშნულია, რომ ნატო–სა და რუსეთის თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


