შვედეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის
30/06/2022 12:14:42 მსოფლიო
შვედეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და განაღმვითი სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობას მიაწვდის, – ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ტონი ერიქსონმა განაცხადა.
მისი თქმით, აღჭურვილობა უკრაინის მთავრობამ მოითხოვა და "კიევს სამხედრო დახმარება, რაც შეიძლება მალე მიეწოდება".
როგორც მან აღნიშნა, ეს შვედეთის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი რიგით მე–5 სამხედრო დახმარების პაკეტია.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


