
"არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ეს ნარატივი ФСБ–ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის"
30/06/2022 08:49:25 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი კვლავ იმეორებს, რომ განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს ომში ჩართვა სურთ, რუსული დეზინფორმაციაა.
მისი თქმით, არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა და ეს ნარატივი ФСБ–ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის.
"მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, რომ თითქოს ვინმეს სურს, საქართველოს ომში ჩაბმა რუსეთის წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა. აშშ-სა და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი უკრაინაში, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მას შეუძლია, რომ ის ერთ დღეში დაასრულოს. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს პროგრესის მიღწევაში, განსაკუთრებით ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით და თუ შევხედავთ, რას აკეთებს რუსეთი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რომელმაც შეურაცხყო ეკლესიები, რომლებსაც ცხოველთა სადგომებად იყენებდა. როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია, ახლოს მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ, იქ რა ხდება. თქვენი, საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში, საქართველოს მეგობრები არიან ამერიკაში და ესაა გზა, რასაც მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება", – განაცხადა ელჩმა.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. მმართველი პარტიიდან ორი დღის წინ წასულმა სამმა პოლიტიკოსმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ ანტიდასავლური შეთქმულების თეორია გამოაქვეყნეს.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.
17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, თუ საქართველო 12 პირობას წლის ბოლომდე შეასრულებს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება.
აღსანიშნავია, რომ მოლდოვამ ისე მიიღო კანდიდატის სტატუსი არც ომშია ჩართული და არც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეეერთებია.