თურქეთი აღარ დაბლოკავს ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას
28/06/2022 19:09:23 მსოფლიო
მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთი დათანხმდა, არ დაბლოკოს ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საულე ნიინისტომ განაცხადა.

„დღეს მადრიდში, ნატოს სამიტის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მხარდაჭერით, არსებითი შეხვედრა გავმართეთ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ–მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. შეხვედრის შედეგად, ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს სამიტზე თურქეთის მხარდაჭერას ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში მიწვევასთან დაკავშირებით. ნატოს მოკავშირეებს შორის უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეთანხმებული იქნება ჩვენი ნატოში შესვლის კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, მემორანდუმში ხაზგასმულია, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი ვალდებულნი არიან, ერთმანეთის მხარდაჭერა აღმოუჩინონ უსაფრთხოების კუთხით საფრხისას.
"მოხარული ვარ, რომ ფინეთის ნატო–ში გაწევრიანების გზაზე ეს ეტაპი დასრულდა. ახლა მოუთმენლად ველი მადრიდში მომავალ მოკავშირეებთან ნაყოფიერ დისკუსიებს ნატო–ში ფინეთის როლის შესახებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც თურქული მედია წერს, მემორამდუმი 11 პუნქტისგან შედგება და უპირველეს ყოვლისა უკავშირდება შვედეთისა და ფინეთის ვალდებულებას, სრულად ითანამშრომლონ თურქეთთან ტერორიზმთან ბრძოლაში სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გზით. კერძოდ, მედიის ცნობით, შვედეთი და ფინეთი იღებენ ვალდებულებას, დაუპირისპირდნენ თურქეთის მიერ ტერორისტულად აღიარებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და მის შვილობილ ორგანიზაციებს, ასევე „გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს“ ტერორიზმში მსჯავრდებულთა ექსტრადიციისთვის.
გარდა ამისა, ჰელსინკიმ და სტოკჰოლმმა უნდა გააუქმონ ყველა შეზღუდვა თურქეთში იარაღის ექსპორტზე.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალურმა ფინეთმა და შვედეთმა ნატო–შ გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის უკრაინაში შერის შემდეგ წარადგინეს.


