"ტელევიზია ამ განუკითხაობას არ გადმოსცემს!“ – ბურიატი სამხედროების ცოლები უკრაინიდან ქმრების დაბრუნებას ითხოვდნენ
28/06/2022 16:08:51 მსოფლიო
ბურიატიის რესპუბლიკაში სამხედროების ცოლებმა რესპუბლიკის მეთაურს ქმრების შინ დაბრუნების თხოვნით მიმართეს.
სამხედროები იანვარში წავიდნენ "წვრთნებზე" და ახლა უკრაინაში არიან, – განაცხადა მიმართვის ერთ–ერთმა მონაწლემ ვერა პარტილხაევამ.
"ისინი 24 თებერვლიდან მონაწილეობენ სპეცოპერაციაში. ფსიქიკურად და ფიზიკურად გამოფიტულები არიან. ყველა მათგანს აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კონტუზია“- აცხადებენ სამხედროების ცოლები ვიდეომიმართვაში.
მათი თქმით, სამხედროები ოთხი თვეა, საველე პირობებში იმყოფებიან, ბევრი მათგანი გაციებულია.
"ტელევიზია არ გადმოსცემს ამ განუკითხაობას! ყველას ეშინია, დუმილის ბრძანებაა გაცემული! თქვენს სინდისზე იყოს ამ უსამართლო ომში ყოველი სამხედროს სიკვდილი! მოვითხოვთ ჩვენი შვილების და ქმრების სამშობლოში დაბრუნებას“, – წერს ვერა პარტილხაევა თავის სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რესპუბლიკის მეთაურს მეხუთე სატანკო ბრიგადის ცოლებმა მიმარეს. ამ ბრიგადიდან სულ მცირე, 30 სამხედროს დაღუპვის შესახებაა ცნობილი.


