აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
28/06/2022 15:52:26 მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქცირებულთა სიაში კიდევ 57 პირი დაამატა და რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა.
სიაში, მათ შორის, მოხვდნენ კრემლის პროპაგანდისტი – ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახი. სანქციების ქვეშ მოექცა 100-ზე მეტი სტრუქტურა, მათ შორის გაფართოებული კვლევის ფონდი, რამდენიმე რუსული კვლევითი ინსტიტუტი, "КамАЗ", ПАО "Туполев" და ა.შ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბავარიაში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებთან G7-ის ქვეყნებიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. მისი თქმით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც რუსეთისთვის "ათობით მილიარდი დოლარი" მოაქვს. მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა მალე აკრძალავს ოქროს იმპორტს რუსეთიდან.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა სანქციების რამდენიმე პაკეტი დააწესა. ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა დააწესა გადასახადები რუსული საქონლის 570-ზე მეტ ჯგუფზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარია. ეს ზომები შეზღუდავს რუსეთისთვის შესაძლებლობას, ეკონომიკური სარგებლობა მიიღოს აშშ-ში ექსპორტიდან.


