
ოკუპირებული ხერსონის მერი დააკავეს
28/06/2022 14:37:56 ევროპა
რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ხერსონში ქალაქის მერი იჰორ კოლიხაევი დააკავეს,- იუწყება დაკავებული მერის მრჩეველი ჰალინა ლიაშევსაია.
მისი თქმით, კოლიხაევი სამშაბათს დილით დააკავეს რუსეთის გვარდიისა და შესაძლოა, ფსბ-ს თანამშრომლებმა. მის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.
ლიაშევსკაია ვარაუდობს, რომ მერი დააკავეს საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარისთვის.
მერის დაკავება დაადასტურა ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰენადი ლაჰუტამ. სხვა დეტალები უცნობია.
რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოკუპაციის შემდეგ კოლიხაევი ქალაქში დარჩა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის კვლავაც ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას. მაგრამ მან უარი თქვა რუსეთის ჯარებთან თანამშრომლობაზე. აპრილში რუსეთის ხელისუფლებამ დანიშნა ხერსონის ოლქისა და ქალაქ ხერსონის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, მოქმედ მერს კი ჩამოართვეს მმართველობის ყოველგვარი ბერკეტები.