"G7–ის ლიდერები ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად და თანხმდებიან, რომ ომი პუტინმა არ უნდა მოიგოს"
28/06/2022 11:52:10 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, "დიდი შვიდეულის" (G7) ლიდერები ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად და თანხმდებიან, რომ ომი პუტინმა არ უნდა მოიგოს". ამის შესახებ მან გერმანიაში G7–ის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ თანახმა ვართ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და გავაგრძელებთ პრეზიდენტ პუტინისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური ხარჯების ზრდას", – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, გარდა ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერისა, საჭიროა დამატებითი თანხის მობილიზება უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის.
"ჩვენ უკრაინისთვის გვჭირდება გეგმა, აღდგენის გეგმა", – დასძინა მან.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


