მაკრონი: "სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა ომის დანაშაულია"
28/06/2022 11:45:25 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე "ომის დანაშაული" უწოდა. ამის შესახებ მან გერმანიაში "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი და პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის აგრესიას ერთი მიზანი აქვს - უკრაინის დანებება.
"არავინ ფიქრობს, რომ ომი მომავალ კვირაში ან თვეში დასრულდება, თუმცა ვიმედოვნებ, ის დასრულდება წლის ბოლომდე", – დასძინა მაკრონმა.
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.


