რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმა აღიარა
28/06/2022 11:08:00 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა 27 ივნისს უკრაინაში, პოლტავის რაიონის ქალაქ კრემენჩუკზე განხორციელებული საავიაციო იერიში, რომლის სამიზნეს წარმოადგენდა კრემენჩუკის "საგზაო მანქანების ქარხანა", სადაც რუსეთის სამხედრო უწყების მტკიცებით, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახება.
"ზეზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია დონბასში უკრაინის ჯარებისთვის გასაგზავნად საწყობის ტერიტორიაზე კონცენტრირებული დასავლური წარმოების იარაღის საბრძოლო მასალა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ცნობაში.
რაც შეეხება კრემენჩუკის სავაჭროს ცენტში მომხდარ ხანძარსა და აფეთქებას, რუსეთის სამხედრო უწყების ვერსიით, სავაჭრო ცენტრში ხანძარი დასავლური საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია.
ოფიციალურ ცნობაში არაფერია ნათქვამი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვაზე.
კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე 27 ივნისს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქალაქის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა.
სავაჭრო ცენტრზე სარეკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, 59 ადამიანს მიღებული აქვს ტრამვა და დამწვრობები, ნახევარი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გაერო–ს უშიშროების საბჭოზე განიხილავენ.


